უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
საქართველო: ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის საკითხი ბევრ კითხვას ბადებს - პერ ეკლუნდი
[25.02.2010]
ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის საკითხი ბევრ კითხვას ბადებს - ამის შესახებ განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა, 24 თებერვალს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ქართული მედიისადმი საზოგადოების ნდობის საკითხებს მიეძღვნა.

"როგორც ვიცი, ის [ვახტანგ კომახიძე] მუშაობდა დოკუმენტურ ფილმზე 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ  და მასალების შესაგროვებლად გასული წლის დეკემბერში ცხინვალშიც იმყოფებოდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ  მისი კრიტიკა დაიწყეს, რაც   რიგ მედია საშუაელებებში გაშუქდა. ერთი თვის  შემდეგ კომახიძემ  საქართველო დატოვა, რათა   შვეიცარიაში თავშესაფარი მიეღო. კომახიძემ თქვა,  რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა,  რაც ხელს უშლიდა ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებაში",  - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

„ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე გავიდა სიუჟეტი, სადაც  საუბარი იყო სხვადასხვა ბრალდებაზე მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. ისმის კითხვა: „ დაარღვია თუ არა მან კანონი? თუ დააღვია, მას ბრალი უნდა წარედგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ფიქრობს კომახიძე, რომ არ შეუძლია იმუშაოს საქართველოში?", თქვა ეკლუნდმა. მან  დასძინა, რომ ძნელია მასმედიის მიმართ საზოგადოების ნდობაზე საუბარი იმ დროს, როცა თავად  ჟურნალისტებს დამოუკიდებლად მუშაობის   შესაძლებლობის არ სჯერათ.

ეკლუნდმა აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლების საკითხზე საჭიროა მუდმივი მუშაობა, თუმცა  ცვლილებები მასმედიაში ერთ დღეში არ მოხდება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ ფატს , რომ მასმედიამ სრულიად დამოუკიდებლად უნდა ითამაშოს მონიტორის როლი  ნებისმიერ ხელისუფლებასთან მიმართებაში.

წყარო: Media.ge

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved