უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
გაბრაზებული დაზარალებული რასულ ჯაფაროვის პროცესზე
[04.03.2015]
ალეკო ცქიტიშვილი, humanrights.ge
ბაქო-თბილისი

24 თებერვალს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში განახლდა „ადამიანის უფლებათა კლუბის“ დამფუძნებლის, რასულ ჯაფაროვის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა. აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, რომელიც Amnesty International-მა სინდისის პატიმრად აღიარა, სასამართლოში ხელბორკილით მიიყვანეს, როგორც მძიმე დანაშაულში ბრალდებული. პროცესის განახლებამდე მას ხელბორკილი კი მოხსნეს, მაგრამ 15-წუთიანი შესვენებებისას დარბაზიდან ისიც გაჰყავდათ და ამ დროს კვლავ ხელბორკილს ადებდნენ. 

სასამართლო კოლეგიამ, ელდარ ისმაილოვის თავმჯდომარეობით, დაზარალებულებისა და მოწმეების დაკითხვა განაახლა. ჯერ კიდევ წინა სხდომაზე გამოიკვეთა, რომ რასულ ჯაფაროვის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი მოქალაქეები ან კარგად ვერ აცნობიერებენ, რატომ არიან დაზარალებულნი ან პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ არანაირი ზარალი არ მიუღიათ. ამის გამო, ლოგიკური იქნებოდა, საქმის განხილვისას ისინი დაკითხულიყვნენ არა დაზარალებულებად, არამედ მოწმეებად.

24 თებერვალს დაზარალებულის სტატუსით დაკითხულმა მოქალაქემ, რომელიც რასულ ჯაფაროვის ორგანიზაციას ოფისისთვის ფართს აქირავებდა, განაცხადა, რომ ჯაფაროვმა სრულად გადაიხადა ქირის საფასური. არენდაზე კონტრაქტიც იყო გაფორმებული, მაგრამ დაზარალებულმა ვერ გაიხსენა, მისი ხელმოწერა როგორ აღმოჩნდა ამ დოკუმენტზე. მისი თქმით, ამ საკითხებს მისი ცოლი აგვარებდა და ქირასაც ის იღებდა. ადვოკატები დაინტერესდნენ: თუკი ჯაფაროვმა ქირა სრულად გადაიხადა, რაში გამოიხატება ზარალი? ამ კითხვაზე დაზარალებულმა განაცხადა, რომ მატერიალური ზარალი მას არ მიუღია, მაგრამ სამჯერ გამოიძახეს პროკურატურაში დაკითხვაზე და ახლაც სასამართლოში უწევს ჩვენების მიცემა, რაც მას მორალურად აზარალებს. ადვოკატებმა ურჩიეს, რომ ასეთ შემთხვევაში, პრეტენზიით პროკურატურას უნდა მიმართოს. 

დაკითხული მოქალაქე დაბალ ხმაზე საუბრობდა და დარბაზში მისი ჩვენების მხოლოდ ფრაგმენტები ისმოდა. საზოგადოებამ რაც ამ ჩვენებიდან შეიტყო, კვლავ დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებული გაურკვევლობაა. რასულ ჯაფაროვის ადვოკატები დიდხანს არკვევდნენ, რატომ არის ეს მოქალაქე დაზარალებული, რის გამოც მოსამართლისგან შენიშვნა მიიღეს, რომ საჭირო არ იყო ერთი და იგივე კითხვის რამდენჯერმე დასმა. 

კიდევ ერთი დაზარალებული (რიგით მეხუთე) ნიჯატ იმრანლი სასამართლო პროცესზე აღელდა და პროკურორს გაბრაზებული ტონით მიმართა: „ამიხსენით, რატომ ვარ ამ საქმეზე დაზარალებული?! რასულ ჯაფაროვისგან არანაირი ზარალი არ მიმიღია! წინასწარი გამოძიების დროსაც ეს ჩვენება მივეცი, მაგრამ თქვენ მაინც ისე დაწერეთ, თითქოს მე დავზარალდი!“ იმრანლიმ პროკურორს ისე ხმამაღლა მიმართა, რომ მოსამართლემ შენიშვნა მისცა - ასე გაბრაზებული და ხმამაღალი ტონით ნუ ლაპარაკობო. 

ნიჯატ იმრანლის თქმით, მან ნამდვილად მიიღო მონაწილეობა პროექტში „ხელოვნება დემოკრატიისთვის“, კერძოდ - დაწერა სცენარი ვიდეორგოლისთვის და ელექტრონული ფორმით გადასცა რასულ ჯაფაროვს. კონტრაქტი გაფორმდა ორ ცალად, რის შემდეგაც ვიდეორგოლის სცენარისთვის მიიღო ანაზღაურება. „დაზარალებულმა“ მიუთითა, რომ მეხსიერების პრობლემა აქვს, რის გამოც არ ახსოვს, კონკრეტულად რა თანხა აიღო სცენარში. თუმცა, კონტრაქტზე ხელმოწერა დაადასტურა და თქვა, რომ ჰონორარს იმდენს მიიღებდა, რამდენიც ამ კონტრაქტშია მითითებული. 

დაზარალებულთა დაკითხვის დასრულების შემდეგ, სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო. 24 თებერვალს სამი მოწმე დაიკითხა. 

გიუნაი ისმაილოვამ დაადასტურა წინასწარ ძიებაში მიცემული ჩვენება და აღნიშნა, რომ იგი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა რასულ ჯაფაროვის ორგანიზაციაში, პროექტის ხელმძღვანელის თანაშემწედ. იგი ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა ღონისძიებებს, წერდა ანგარიშებს და გარკვეული შეხება ჰქონდა ასევე თანხებთან, რასაც უხდიდა პროექტში ჩართულ ადამიანებს კონტრაქტების მიხედვით. 

გიუნაი ისმაილოვას თქმით, პროექტის საწყის ეტაპზე, როცა რასულ ჯაფაროვმა ოფისის დაქირავების საჭიროების საკითხი დასვა, მან ორგანიზაციას შესთავაზა ის ფართი, სადაც თვითონ ცხოვრობდა. „მთელი დღის განმავლობაში ეს ფართი თავისუფალი იყო და ორგანიზაციას შეეძლო ოფისად გამოეყენებინა. რასულს წინადადება მოეწონა, რის შემდეგაც ვესაუბრე ფართის მეპატრონის ცოლს. იგი შეთავაზებას დათანხმდა და თქვა, რომ შეუთანხმებდა ქმარს. შემდეგ მას მივეცით ჩვენი მხრიდან ხელმოწერილი კონტრაქტი, რომელიც მეორე დღეს დაგვიბრუნა ფართის მეპატრონის ხელმოწერით“, - განაცხადა მოწმემ და დასძინა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, იგი, როგორც ფიზიკური პირი, ამ ფართს კვლავ იკავებდა და აგრძელებდა ქირის გადახდას. 

მოწმე აზერ გასიმოვმა დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, რომ რასულ ჯაფაროვის ორგანიზაციისათვის მოამზადა ვიდეორგოლი, რაშიც მიიღო ჰონორარი საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით.

მოწმე ელნურ მამადლიმ განაცხადა, რომ იგი არის არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო მოხალისეთა თანამშრომლობის“ თავმჯდომარე და კოლეგას, რასულ ჯაფაროვს იცნობს დიდი ხანია. 2013 წელს ჯაფაროვმა მას სთხოვა, ერთობლივად განეხორციელებინათ პროექტი და გრანტის მიმღები ყოფილიყო „საერთაშორისო მოხალისეთა თანამშრომლობა“. ჯაფაროვს არ ჰქონდა ოფიციალურად დარეგისტრირებული ორგანიზაცია, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დონორი ორგანიზაცია საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების აუცილებელ პირობად აცხადებდა. ელნურ მამადლის თქმით, იგი ჯაფაროვის წინადადებას დათანხმდა და პროექტშიც აქტიურად ჩაერთო. ორგანიზაციასთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება დარეგისტრირებული იყო იუსტიციის სამინისტროში. ხელშეკრულება და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები ინახებოდა ორგანიზაციის ოფისში, მაგრამ ამჟამად ეს დოკუმენტები ორგანიზაციას აღარა აქვს, რადგან პროკურატურამ ჩხრეკისას ამოიღო და უკან აღარ აბრუნებს. 

ელნურ მამადლიმ განაცხადა, რომ ფართის ქირავნობის ხელშეკრულება მეიჯარის ცოლს მან გადასცა ხელმოწერით და ბეჭდით, უკან კი მეორე მხარის მიერ ხელმოწერილი ჩაიბარა. შემდეგ თვეებში ფართის მეპატრონეს ქირას გიუნა ისმაილოვა უხდიდა. 

24 თებერვალს კიდევ ერთი მოწმის დაკითხვაც შეიძლებოდა, მაგრამ ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, ტატიანა კრუჩკინას დაკითხვა მომავალი სხდომისთვის გადაიდო. კრუჩკინას საშუალო სკოლა და უმაღლესი განათლება რუსულ ენაზე აქვს დამთავრებული. თუმცა, როგორც სასამართლო კოლეგიას განუცხადა, აზერბაიჯანული ენა მისთვის, ფაქტობრივად, მშობლიური ენაა. ამის მიუხედავად, მოსამართლე ელდარ ისმაილოვმა გადაწყვიტა, რომ კრუჩკინა თარჯიმნის საშუალებით უნდა დაიკითხოს. ვინაიდან 24 თებერვალს სასამართლოს თარჯიმანი შეუძლოდ გახლდათ, მოწმის დაკითხვა ჩაინიშნა მომავალ სხდომაზე, 5 მარტისთვის.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვის სისხლის სამართლებრივი დევნა 2014 წლის მაისიდან დაიწყო. აზერბაიჯანის პროკურატურამ იგი 2 აგვისტოს დააკავა და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალად ედება არაკანონიერი მეწარმეობა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, სხვისი ქონების მიტაცება და საბუთების გაყალბება. წაყენებული ბრალდებები მძიმე დანაშაულად ითვლება და ჯაფაროვს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციები, როგორიცაა Amnesty International და Human Rights Watch, ჯაფაროვს სინდისის პატიმრად მიიჩნევენ და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს მისი სისხლის სამართლებრივი დევნა.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved