უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
უარი შუამდგომლობებზე
[03.04.2015]
გიორგი ჯანელიძე, ბაქო–თბილისი, www.humanrights.ge 

აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვის სასამართლო პროცესი ბაქოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებათა სასამართლოში, რომლის შენობაც, ადგილობრივების თქმით, მეფის რუსეთის დროს ცხენების თავლას ეკუთვნოდა, 31 მარტის 11 საათზე განახლდა. სხდომას ესწრებოდნენ ევროკომისიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ასევე,  ადგილობრვი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღია სხდომას მედიასაშუალებებიდან თვალყურს ადევნებდნენ „მეიდან TV“, რადიო „თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“. ბრალდებული ჯაფაროვი სასამართლო დარბაზში ხელბორკილებით შემოიყვანეს, თუმცა სხდომაზე დასწრება მას ხელბორკილის გარეშე მოუწია. ჯაფაროვი მთელი სხდომის განმავლობაში მხნედ, შემართებით და ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ხანმოკლე შესვენებების დროსაც, როცა მოსამართლე თათბირობდა, ბრალდებული დამსწრე საზოგადოებასან მუდივად კონტაქტობდა როგორც ჟესტიკულაციით, ასევე ხმამაღალი გადაძახილებით. მის ხუმრობებზე ბადრაგსაც კი ეცინებოდა. პროკურორი ერთი ხანშიშესული, მწვანე მკაცრი უნიფორმით, კომუნისტების ეპოქიდან შემთხვევით თუ განგებ შემორჩენილი, უძველესი სახელმწიფო ბრალმდებელია, დაახლოებით ისეთი, თბილისში „თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე“ მოსამართლისგან სასჯელის უმაღლეს ზომას, დახვრეტას რომ ითხოვდა. ის  სახელმწიფოს სახელით ბრალს ერთდროულად სდებს ყაჩაღს, ქურდს და უფლებადამცველს. სასამართლო მობრძანდა და დარბაზი ფეხზე წამოიშალა.

წინა სხდომა გადაიდო, ვინაიდან ერთ–ერთი მთავარი მოწმე, რაშად შარიმოვა უცხოეთში იმყოფება. სახელმწიფო სასაზღვრო უწყებიდან მიღებული პასუხის თანახმად, ამ ქალბატონმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი ჰეიდარ ალიევის აეროპორტში ჯერ კიდევ იანვარში გადაკვეთა. თუმცა აზერბაჯანელმა სამართალდამცავებმა ის გასული წლის სექტემბერში დაკითხეს. დაკითხვის ოქმის თანახმად, მოწმე ბრალდებულს იცნობს და როგორც თარჯიმანი, ის ორჯერ დაიქირავა რასულმა. აქედან, ერთხელ 300 მანათი გადაუხადა ჰონორარის სახით, ხოლო მეორედ – 250. დაკითხვის ოქმის მიხედვით, მოწმემ ვერ გაიხსენა, გააფორმა თუ არა ბრალდებულმა მასთან კონტრაქტი, მაგრამ გადახდის ჩეკებზე თავისი ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა. სასამართლოზე გამოგზვნილ წერილში მოწმე რაშიდოვა იტყობინება, რომ ის სამუშაოდ და საცხოვრებლად  ჰოლანდიაში იმყოფება, რის გამოც სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებს და სასამართლოს სთხოვს, იხელმძღვანელოს მის მიერ სექტემბერში მიცემული ჩვენებით. დაცვის მხარეს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, რის შემდეგაც წაიკითხეს რაშიდ შაჰიდოვას ბიოგრაფია.

რასულ ჯაფაროვის ადვოკატებმა, ფარიზ ნამაზლიმ და ალიბაბა რზაევმა მოსამართლეს მიმართეს შუამდგომლობით, რომ დაიკითხოს ყოფილი პოლიტპატიმრის, ილქერ რუსტამზადეს დედა, ატლას ჰუსეინოვა. დაცვის მხარის განცხადებით, ამ უკანასკნელს იმდენად უჭირდა, რომ ჯაფაროვი 2013 წელს მას ფინანსურად ეხმარებოდა. წინა სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა ატლას ჰუსეინოვას დამატებით მოწმედ გამოძახების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, ილქერ რუსტამზადეს დედის სრული სახელი და გვარი არცერთი მხარისთვის არ იყო ცნობილი. პროკურორი დამატებითი მოწმეების დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მისი პოზიციიდან, შუამდგომლობა არ იყო საკმარისად დასაბუთებული და ამავე დროს, მან ჩათვალა, რომ რასულს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა აზერბაიჯანელი სამართალდამცავებისთვის ჯერ კიდევ წინასწარი გამოძიებისას შეეძლო, მაგრამ მან ეს არ გააკეთა... რასულის სურვილი და მისი დაცვის შუამდგომლობა იყო ილქერ რუსტამზადეს დამატებითი მოწმის სახით დაკითხვა. არსებული ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა, რასულ ჯაფაროვის დაკვეთით, გადაიღო ვიდეორგოლი კამპანიისთვის „ხელოვნება დემოკრატიისთვის“, რაშიც მან მიიღო ანაზღაურება. დაცვის მხარემ დააყენა მისი დამატებითი მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაუსაბუთებლობის მოტივით. მომდევნო საკითხი რასულის მიერ საოფისე ფართად ბინის დაქირავების ფაქტს შეეხო. ბინის მფლობელი ცოლ–ქმრიდან პროცესში მონაწილეობდა მხოლოდ ქმარი. დაცვის მიერ დაყენებული შუამდგომლობა, ქალბატონის დამატებით მოწმედ მოყვანის თაობაზე, სასამართლომ დაუსაბუთებლად სცნო და არ დააკმაყოფილა. სასამართლომ წერილები მიიღო ყველა იმ ორგანიზაციიდან, რომლისგანაც ამა თუ იმ გასამრჯელოსა თუ გრანტის სახით ოდესმე ფული მიუღია რასულ ჯაფაროვს. წერილებში ერთხმადაა აღნიშნული, რომ იგი დროულად აბარებდა ყველა ანგარიშს. აქ, პროცესის მიმდინარეობისას ხმაურით რამდენჯერმე გაიღო სხდომათა დარბაზის კარი, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ეს მიზანმიმართულად, ხმაურის გამოსაწვევად და სასამართლო სხდომის დიალოგების გადასაფარად ხდებოდა. ერთ–ერთი ბრალდების თანახმად რასულ ჯაფაროვმა ოფიციალურად არ დაარეგისტრირა თავისი ორგანიზაცია. დაცვის მხარემ მონაცემთა ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერილი მასალის სახით წარმოადგინა დონორი ორგანიზაციების დეტალური წერილები, თუმცა აქვე დასძინა, რომ პროექტების მომზადების მიზნით არ არის აუცილებელი ამა თუ იმ ორგანიზაციის დარეგისტრირება და ამის მაგალითი პრაქტიკაში არსებობს. დაცვამ ეს ინფორმაცია დისკის სახით გადასცა მოსამართლეს. როდესაც პროკურორმა  ჯაფაროვს ჰკითხა, თუ რატომ არ წარმოადგინა მან აღნიშნული მტკიცებულება ძიების პროცესში, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ძიების პროცესში ამ დოკუმენტების შეგროვება შეუძლებელი იყო, ვინაიდან ეს დოკუმენტაცია მოგვიანებით გაიცა. თანაც, თავდაპირველად საკუთარ თავში დარწმუნებული იყო, მაგრამ როცა დეკემბერში ბრალდების ოქმი გააცნეს, მიხვდა, რომ დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება და მიტანა იყო საჭირო, უპასუხა ბრალდებულმა ჯაფაროვმა სასამართლოს თავმჯდომარეს.                                                                                   პროკურორი კატეგრიულად ეწინააღმდეგებოდა ამ ინფრმაციის ოფიციალურ მტკიცებულებად მიღებას და მათ ყალბს უწოდებდა, მაგრამ მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მომდევნო შუამდგომლობა ადვოკატებმა პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე დააყენეს. თავად რასულ ჯაფაროვმა ეს თხოვნა ასე დაასაბუთა - მე არასოდეს განმიზრახავს დავმალვოდი გამოძიებას! როდესაც ჩემი ანგარიშები დააყადაღეს, მაშინ უცხოეთში ვიყავი. შემეძლო აღარ დავბრუნებულიყავი სამშობლოში, მაგრამ დავბრუნდი. ქვეყანაში ყოფნისას, მე ასევე შემეძლო, სადმე შემეფარებინა თავი ან სულაც, არალეგალურად გადამეკვეთა საზღვარი, რაც არ გამიკეთებია. ბატონო მოსამართლე, მე მგონი თქვენ დაახლოებით უკვე იცით, როგორი ადამიანი ვარ. 
რაც შეეხება შინაპატიმრობით პატიმრობის შეცვლის მოთხოვნას, მოსამართლემ დღის წესრიგიდან არ მოხსნა, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა მომავლისთვის გადადო. 

ადვოკატმა ალიბაბა რზაევმა დააყენა შუამდგომლობა, კალიგრაფიაზე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, მითუმეტეს, რომ თავად ე.წ. „დაზარალებულებიც“ მოითხოვდნენ ამას. თანაც, ალტერნატიული ექსპერტის დასკვნის თანახმად, ხელმოწერები ნამდვილია. თავის მხრივ, ე.წ. „დაზარალებულებიც“ თავიანთი ხელმოწერების ნამდვილობას ადასტურებენ. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტი კი ამბობს, რომ ავტოგრაფები ყალბია. ორი „დაზარალებულის“ მიერ წარმოდგენილ იქნა ორი ჩეკის ორიგინალი. პროკურორი ეწინააღმდეგებოდა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტის მოწვევის საკითხს. საბოლოოდ, სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, დაუსაბუთებლობის მოტივით. მაგრამ არ გამორიცხა, რომ სამომავლოდ განიხილავს ამ საკითხს. მომდევნო თემა რასულ ჯაფაროვისთვის ნორვეგიის საელჩოს მიერ, კონფერენციებზე სხვადასხვა სამოგზაურო მიზნებისთვის გადახდილი 1055 მანათია.           
სხდომის დასასრულს მოსამართლემ ნორვეგიის საელჩოს დოკუმენტაცია მოითხოვა, თუმცა, როგორც გაირკვა, სახეზე არის მხოლოდ წერილი, ხოლო რაც შეეხება ვრცელ დოკუმენტს, დაცვის მხარემ უნდა გაუგზავნოს თხოვნა ნორვეგიას, დეტალური ინფორმაციის გაცემის თაობაზე.   

სანან ჯაფაროვი, რასულის ძმა: 
შევიტანეთ განცხადება შინაპატიმრობის თაობაზე და საბოლოოდ რა გადაწყდება, არ ვიცი. მუდამ ერთი და იგივე მეორდება. ეს ჩემთვის თეატრივითაა. რაც შეეხება ფინალს, ჩემთვის ესეც 50/50 პრინციპითაა, პროგნოზის გაკეთება მიჭირს.

ალიბაბა რზაევი, რასულის ადვოკატი:
სასამართლო არღვევს ბრალდებულისა და ადვოკატების უფლებებს. მას უნდა მიეღო ჩვენი შუამდგომლობები. ადგილი აქვს საპროცესო კოდექსის დარღვევას. მოწმეების დაკითხვის შესახებ შუამდგომლობები დავაყენეთ, მაგრამ არცერთი მათგანი სამწუხაროდ არ დაკმაყოფილებულა. 

მომდევნო სხდომა 9 აპრილისთვის ჩაინიშნა. 

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved