Հարավկովկասյան Իրավապաշտպանների ցանցը


որոնում կայքում
առաջ
ბაქოს სასამართლომ უფლბადამცველების, ლეილა და არიფ იუნუსების საქმის განხილვა დაიწყო
[17.07.2015]
 
ქეთი ღვედაშვილი, ლიბერალი 

ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში ცოლ-ქმრის, ლეილა და არიფ იუნუსების პროცესი გაიმართა. ლეილას ბრალად უკანონო მეწარმეობა, გადასახადებისთვის თავის არიდება, დოკუმენტების გაყალბება და თაღლითობა ედება. ბოლო დანაშაულში მისი ქმარიცაა ბრალდებული. მათ პროკურატურა სახელმწიფო ღალატშიც ადანაშაულებს, თუმცა ეს ცალკე საქმედაა გამოყოფილი და ჯერჯერობით მასზე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს.

აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ლეილა იუნუსი 2014 წლის 30 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მოგვიანებით კი მისი მეუღლე, მეცნიერი და ისტორიკოსი არიფ იუნუსიც დააპატიმრეს. მათ საქმეზე წინასწარი გამოძიება თითქმის ერთი წელი მიმდინარეობდა. 2015 წლის 23 ივლისს  შეწყდა. ბრალდებულები და ადვოკატები საქმის მასალებს გაეცნენ. 3 ივლისს ისინი სასამართლოში გაიგზავნა.

სასამართლო კოლეგიამ, აფგან ჰაჯიევის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური დანაშაულის შესახებ ლეილა და არიფ იუნუსების წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გამართა. დარბაზის სიმცირის გამო პროცესზე დასწრება ყველა მსურველმა ვერ შეძლო. სხვა უფლებადამცველებისგან განსხვავებით ბრალდებულები არა რკინის, არამედ შუშის გალიაში ისხდნენ.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის დამკვირვებლის, იურისტ ირინა კასრაძის ინფორმაციით, არიფ და ლეილა იუნუსების ადვოკატებმა სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართეს. არიფ იუნუსის ადვოკატი შუშის გალიიდან ბრალდებულის გამოშვებასა და დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვა.

ხოლო ლეილა იუნუსის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ლეილასთვის შინაპატიმრობის მისჯა, პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაკეთება, ბრალდებულის გალიიდან გამოშვება და საქმის შეწყვეტა მოითხოვა.

ადვოკატებმა სასამართლოს რამდენიმე მოწმის ჩვენების საქმიდან ამოღების შუამდგომლობითაც მიმართეს. პროკურორი ადვოკატთა არცერთ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მხარეთა შუამდგომლობების გათვალისწინებაზე სასამართლომაც უარი თქვა.

“შესვენებაზე ლეილა იუნუსმა დარბაზში მყოფ საზოგადოებას ინგლისურ და რუსულ ენებზე მიმართა. აღნიშნა, რომ იგი ციხეში რამდენჯერმე სცემეს. მან კონკრეტულ თარიღებზეც ისაუბრა: 27 სექტემბერი, 11 დეკემბერი, ყველაზე ახლო თარიღად მან 20 ივნისი დაასახელა. ლეილას თქმით, მას უძილობა, მუცლის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს. მან წამალი “იმოდიუმი” ითხოვა, რადგან ევროპელი ექიმების კონსულტაციის შედეგად მიღებულმა წამალმა გვერდითი მოვლენები გამოიწვია. მისი ადვოკატის ინფორმაციით, ლეილას C ჰეპატიტი აქვს და ღვიძლი თითქმის დაშლილი აქვს”,- აღნიშნავს ირინე კასრაძე.

იუნუსებს ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2 მუხლით ედებათ, რაც დიდი ოდენობის ზარალის მიყენებით თაღლითობას გულისხმობს. ეს მუხლი დანარჩენ ოთხს შორის ყველაზე მძიმეა, რადგან სასჯელის ზომად 19 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ლეილა და არიფ იუნუსებმა ფონდ “ღია საზოგადოების”, NED-ისა და გერმან მარშალის ფონდის გრანტებით მიღებული თანხებიდან 71 000 აშშ დოლარი მიითვისეს და  ჩეხოსლოვაკიაში  თავიანთ ანგარიშზე გადარიცხეს. პროკურატურის მტკიცებით, მათ ეს დონორების გვერდის ავლით გააკეთეს. თუმცა როგორც ევროსასამართლოში იუნუსების წარმომადგენელი, ადვოკატი ხალიდ ბაგიროვი ამბობს, დონორებს ბრალდებულებთან პრეტენზია არ აქვთ.

“ადვოკატები ამზადებენ შუამდგომლობას, რომ დონორები სასამართლოს წინაშე მხარედ წარდგნენ,  რადგან ბრალდების მიხედვით, ისინი დაზარალებულები არიან. დონორები ზეპირი ურთიერთობის დროს იუნუსების მისამართით არანაირ პრეტენზიას არ გამოთქვამენ და მზად არიან, რომ საკუთარი პოზიცია სასამართლოში წერილობითაც დაადასტურონ”, - აცხადებს ხალიდ ბაგიროვი.

ლეილა იუნუსს ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 192.2.2 მუხლითაც ედება. იგი უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს და სასჯელის სახედ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების თანახმად, ლეილას ორგანიზაციის მიერ მიღებული ზოგიერთი გრანტი დარეგისტრირებული არ იყო და მათ ის თავისი კომერციული საქმიანობისთვის იყენებდა. ხალიდ ბაგიროვი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს, რადგან აზერბაიჯანის კანონმდებლობაში არ არსებობს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც დაურეგისტრირებელი გრანტის გამოყენება კომერციულ საქმიანობად უნდა ჩაითვალოს.

ადვოკატის განმარტებით, გრანტის დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში მაქსიმუმ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეიძლება დაიწყოს და პირი დაჯარიმდეს.
ამავე ბრალდებას ერთვის აზერბაიჯანის სსკ-ის 213.2.2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გადასახადებისგან თავის არიდებას გულისხმობს და სასჯელის სახედ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარის მტკიცებით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მიუხედავად, ლეილა იუნუსი გადასახადებს თავს არიდებდა.

ლეილა იუნუსის კიდევ ერთი ბრალდება დოკუმენტების გაყალბებაა (აზრბაიჯანის სსკ-ის 320.1 და 320.2 მუხლები), რაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

ლეილა იუნუსმა “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი” 90-იან წლებში შექმნა, მაგრამ დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს. ამის გამო ორგანიზაციას საკუთარი ანგარიში არ ჰქონდა. ამიტომ ლეილა იუნუსი იძულებული იყო, გრანტის თანხები სხვა ორგანიზაციის ანგარიშზე მიეღო.

2002 წლიდან უმოქმედოდ დარჩენილი ერთ-ერთი ორგანიზაციის დირექტორმა ყველანაირი უფლებამოსილება ლეილა იუნუსს გადასცა. მას, როგორც დირექტორის მოადგილეს, საბანკო ანგარიშების განკარგვაც შეეძლო. იგი გრანტებს ამ ორგანიზაციის ანგარიშზე იღებდა, შემდეგ კი “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტისთვის” იყენებდა. თუმცა ადვოკატის განმარტებით, ეს ყველაფერი კანონის დაცვით ხდებოდა.

მაგრამ ბრალდების მხარის მტკიცებით, ყველა დოკუმენტი, რომლითაც ლეილა იუნუსს დირექტორმა უფლებამოსილება გადასცა, და ის დოკუმენტებიც, რომლითაც ლეილა ირიბად განაგებდა საკუთარი ორგანიზაციის ფინანსებს, გაყალბებული იყო.
“სამართლებივი თვალსაზრისით ამ მუხლში დანაშაულის ნიშნები არ არის. 
დანაშაული იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ლეილა გრანტებს უკანონოდ მიიღებდა და განკარგავდა. მაგრამ დონორები ფულს კანონიერად რიცხავდნენ”, - აღნიშნავს ადვოკატი.

ლეილას წარსული საქმიანობისა და იმის გათვალისწინებით, რომ მისთვის წაყენებული ბრალი სხვა, უკვე გასამართლებული უფლებადამცველების წინააღმდეგ გამოყენებულ ბრალს ძალიან ჰგავს, პოლიტიკური სარჩულის შესახებ გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

ლეილა იუნუსი ქვეყნის შიგნით მყოფი პოლიტიკური პატიმრების საკითხზე ძალიან აქტიურად მუშაობდა. იგი ინტიგამ ალიევთან და რასულ ჯაფაროვთან ერთად ევროსაბჭოსთან, ევროკომისართან, საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან თანამშრომლობდა.

ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ ლეილა და არიფ იუნუსების დაკავება აზერბაიჯანში მასობრივი დაჭერების პერიოდს დაემთხვა. ქვეყნის ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ მოქმედება ჯერ საკანონმდებლო ცვლილებებით დაიწყო, რომლის თანახმადაც ყველა არასამთავრობო და მისი გრანტი იუსტიციის სამინისტროში უნდა დარეგისტრირებულიყო. თუმცა უწყებაში რეგისტრაციის შესახებ შესულ მოთხოვნას თვითონვე ტოვებდნენ უპასუხოდ. ამან უფლებადამცველების წინააღმდეგ წამოწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს მყარი საფუძველი შეუქმნა.

შედეგად, აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები თითქმის აღარ არსებობს. უფლებადამცველთა ნაწილი ქვეყნიდან წავიდა, ნაწილი საქმიანობას ვეღარ აგრძელებს, ათეულობით ადამიანი კი სასჯელს თითქმის იდენტური ბრალდებით აზერბაიჯანის ციხეებში იხდის. საერთაშორისო საზოგადოება მათ სინდისის პატიმრებად აღიარებს.

იუნუსების საქმეზე არსებით განხილვას სასამართლო 27 ივლისს, 10 საათზე დაიწყებს. 


Բաժանորդագրում

բաժանորդագրում
չեղյալ հայտարարել բաժանորդագրումը
Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved