უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ განცხადება პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით
[03.05.2009]
3 მაისი, 2009

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 2009 წლის 3 მაისს „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში  პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით. დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედია საშუალებების აკრძალვა, ცენზურა და ჟურნალისტებზე ზეწოლა სერიოზულ პრობლემად რჩება სამივე ქვეყანაში. ამასთან, საქართველოსა და სომხეთისაგან განსხვავებით, აზერბაიჯანში ცილისწამება სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა.


სომხეთში  დამოუკიდებელი მედიის გასაჩუმებლად სამართლებრივი სისტემის გამოყენების ტენდენცია შეინიშნება. გაზეთების Aravot  და Chorrord Ishkhanutyun რეპორტიორი გარიკ შამშიანი არათანაზომიერად დააჯარიმეს „სასამართლოსადმი უდიერი მოპყრობისათვის“. იგივე სახის ბრალდება აქვს წაყენებული ამჟამად  Chorrord Ishkhanutyun-ის ჟურნალისტს გოჰარ ვეზირიანს.  2008 წლის 11 ნომბერს სცემეს პოპულარული ინტერნეტ გაზეთის Hetq-ის რედაქტორს ედუარდ ბაღდასარიანი. 2009 წლის 30 აპრილს, უცნობმა ადამიანებმა სასტიკად სცემეს საინფორმაციო სააგენტო Armenia Today-ის („სომხეთი დღეს“) კოორდინატორი და იურისტი არგიშთი კივირიანი.

ის მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ნათელს ხდის სომხეთში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას. 2008 წლის არჩევნების წინ ჟურნალისტებს სცემდნენ, აკავებდნენ და აპატიმრებდნენ. პრესაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო. 20-დღიანი საგანგებო მდგომარეობის დროს ცენზურა ვრცელდებოდა მხოლოდ ოპოზიციურ გაზეთებზე, ინტერნეტ მედიაზე და „რადიო თავისუფალ ევროპაზე“. გაზეთები Chorrord Ishkhanutyun და  Zhamanak Yerevan დახურული იყო, ასევე, შეზღუდული იყო ხელმისაწვდომობა ინტერნეტ მედიაზე.  მაგალითად  YouTube დაბლოკილი იყო.

ტელევიზიები და ბეჭდვითი მედიის უმეტესი ნაწილი მთავრობის მიერ კონტროლდება, რის გამოც პოლიტიკური ოპოზიციის მოქმედებები მიკერძოებულად შუქდება.   ტელეკომპანია A1+  კვლავ დახურულია მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წელს დაადგინა, რომ  A1+ -ისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეათე მუხლი (გამოხატვის თავისუფლება). 2008 წლის 19 მარტს რეგიონული ტელეკომპანია Gala  უკანონოდ დააჯარიმეს საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებმა. ჯარიმა გადაიხადეს სომხეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში აგროვებდნენ ჯარიმის თანხას.  


აზერბაიჯანში ჟურნალისტებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, მაგალითად გამოდგება იდრაკ აბბასოვის (2009), აგილ ხალილის ( 2008), უზეირ ჯაფაროვის (2007) და ჰაკიმელდოსტუ მეჰდიევის (2007, 2009) შემთხვევები, ასევე, ხდება ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევა. ჟურნალისტ ელმარ ჰუსეინოვის მკვლელობა, რომელიც 2005 წელს მოხდა არ გამოძიებულა და დამნაშავეები არ დასჯილან. ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ ასობით უკანონო სარჩელი იქნა აღძრული, რის შედეგადაც მათ დაეკისრათ არათანაზომიერი ჯარიმები და შეეფარდათ პატიმრობა. ამჟამად აზერბაიჯანში 4 უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტია: ეინულლა ფატულლაიევი, განიმატ ზაჰიდი, მუშფიგ ჰუსეინოვი და ნოვრუზალი მამედოვი.

2008 წლის ბოლოს აზერბაიჯანში უცხოურ რადიო სადგურებს („ამერიკის ხმა“, „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ და „ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია“ (ბიბისი)) აეკრძალათ FM სიხშირეზე მაუწყებლობა. ეს უცხოური რადიო სადგურები ახლა ინტერნეტის საშუალებით და EM სიხშირეებზე მაუწყებლობენ, მაგრამ ბევრს აზერბაიჯანში ხელი არ მიუწვდება ინტერნეტსა და/ან EM სიხშირის რადიო სადგურებზე, შესაბამისად, მათ არ შეუძლიათ ადგილობრივი და საერთაშორისო ახალი ამბების მოსმენა ინფორმაციის ამ ალტერნატიული წყაროების საშუალებით. საზოგადოებრივი და კერძო ტელეკომპანიები არ ავრცელებენ დამოუკიდებელ ინფორმაციას.

2009 წელს აზერბაიჯანის კონსტიტუციაში და კანონებში „მასმედიისა“ და „ტელე-რადიო მაუწყებლობის“ შესახებ შევიდა შემაშფოთებელი ცვლილებები, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებს პრესის თავისუფლებაზე. მაგალითად, კონსტიტუციური ცვლილებებით, რომელიც მარტში იქნა მიღებულ სადავო რეფერენდუმის შედეგად, აიკრძალა ადამიანების  ფოტო-კინო-აუდიო ჩაწერა მათი თანხმობის გარეშე.

საქართველოში  გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით ბოლო 5 წლის განმავლობაში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. მთავრობის წარმომადგენლები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. სასამართლოს მიერ დამნაშავეების დაუსჯელობა ახალისებს ძალადობას. ჟურნალისტებს სცემდნენ და ავიწროებდნენ 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 9 აპრილის დემონსტრაციების დროს და მას შემდეგაც. ბევრს მიაყენეს შეურაცხყოფა, წაართვეს და დაუმტვრიეს კამერები და უკანონოდ ჩაერივნენ მათ საქმიანობაში, მაგალითად ელისო ჩაფიძეს, გელა მთივლიშვილს, საბა წიწიკაშვილს, ვახო კომახიძეს და ირაკლი იმნაიშვილს. არც ერთ შემთხვევაში არ დასჯილან დამნაშავეები.

2004 და 2005 წლებში ტელეკომპანია „იბერიას“, 202-ის „მეცხრე არხის“ დახურვამ, 2007 წელს ტელეკომპანია „კავკასიისა“ და 15 გაზეთის საოფისე ფართიდან გამოძევებამ, 2007 წლის ნოემბრის დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევამ და სამაუწყებლო ლიცენზიის უკანონო შეწყვეტამ მედიის თავისუფლებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა; ქვეყანაში გაძლიერდა მთავრობის კონტროლი და გავლენა საჯარო ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებაზე. იმის გამო, რომ მედია საშუალებების მეპატრონეთა ვინაობა არ არის ცალსახად გარკვეული, მედია საშუალებებში ხშირია თვითცენზურის ფაქტები.  შედეგად, ტელეკომპანიები ვერ ასრულებენ საზოგადოების მოდარაჯე ძაღლის ფუნქციას. ინფორმაცია, რომელსაც ისინი ავრცელებენ მოკლებულია ობიექტურობას და ხშირად მიკერძოებულია მმართველი ელიტის სასარგებლოდ.

გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებით, მათ შორის, სამივე ქვეყნის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით. სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს მოუწოდებს:

•    უზრუნველყონ ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო;
•    სამივე ქვეყანაში დაუყოვნებლივ, სრულად და ობიექტურად გამოიძიონ ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობისა და ზეწოლის  ფაქტები და უზრუნველყონ დამნაშავეთა დასჯა;
•    სამივე ქვეყანაში გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტები;
•    აზერბაიჯანში მოიხსნას უცხოური რადიო სადგურების მიმართ FM სიხშირეებზე მაუწყებლობის შესახებ არსებული აკრძალვა და ნება დაერთოთ დახურულ ტელეკომპანიებს საქართველოში და A1+-ს სომხეთში განაახლონ მაუწყებლობა;
•    აზერბაიჯანში მოხდეს ცილისწამების დეკრიმინალიზაცია.  ნახეთ სრული ტექსტი PDF-ში

Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved