უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ გმობს ნატალია ესტემიროვას მკვლელობას
[17.07.2009]
                        2009 წლის 17 ივლისი

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ გმობს ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველის ნატალია ესტემიროვას მკვლელობას. მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეს ქსელის წევრები მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ჩაატაროს საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება ამ და სხვა ადამიანის უფლებათა დამცველების მკვლელების საქმეებზე, რომლებიც რუსეთში მოხდა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას უზრუნველყოს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნა.

2009 წლის 15 ივლისს, ნატალია ესტემიროვა გროზნოში, საკუთარ სახლთან ახლოს, ოთხმა მამაკაცმა გაიტაცა. რამოდენიმე საათის შემდეგ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მისი ცხედარი ინგუშეთში იპოვეს; ესტემიროვას ცეცხლსასროლი ჭრილობები თავისა და მკერდის არეში ჰქონდა მოყენებული.

რუსული ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის „მემორიალის“ წარმომადგენელი ნატალია ესტემიროვა  ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი ადამიანის უფლებათა დამცველი იყო. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის პოლიციისა და ჩეჩნეთში რუსული სამხედრო ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოაშკარავებაში. ადამიანის უფლებათა სფეროში საქმიანობის გამო ნატალია ესტემიროვა დაჯილდოებული იყო მრავალი საერთაშორისო ჯილდოთი. ის პირველი ადამიანის უფლებათა დამცველი იყო, რომელმაც 2007 წელს ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის ჯილდო მიიღო;  2004 წელს ის გახდა შვედეთის პარლამენტის პრიზის „არსებობის უფლება“ მფლობელი. 2005 წელს დაჯილდოვდა ევროპის პარლამენტის რობერტ შუმანის მედლით.

ბოლო დროს ესტემიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დაფიქსირებულ წამების, მკვლელობებისა და გაუჩინარების  ფაქტებს იძიებდა. ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას მისი საქმიანობის გამო.

ესტემიროვას მკვლელობა რუსეთში ადამიანის უფლებათა დამცველის მკვლელობის პირველი ფაქტი არ არის. 2006 წლის 7 ოქტომბერს, მოსკოვში ცნობილი რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს; 2009 წლის 19 იანვარს ასევე მოსკოვში მოკლეს ადამიანის უფლებათა დამცველი, იურისტი სტანისლავ მარკელოვი და ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა. ამ საქმეებიდან არც ერთი არ არის საფუძვლიანად და მიუკერძოებლად გამოძიებული.

ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ნატალია ესტემიროვას მკვლელების დაუსჯელობა ყველა ჩვენგანს ახსენებს, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის კავკასიაში, ადამიანის უფლებათა დამცველების სიცოცხლე და ფიზიკური უსაფრთხოება ისევ საფრთხეშია. დამნაშავეთა დაუსჯელობა მიუღებელია, რადგან ეს ძირს უთხრის ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვასა და პატივისცემას.

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას:

• დაუყოვნებლივ ჩაატაროს ნატალია ესტემიროვას მკვლელობის საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება და ასევე გამოიძიოს ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის პასუხისმგებლობის საკითხი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით;
• საფუძვლიანად და მიუკერძოებლად გამოიძიოს ანა პოლიტკოვსკაიას, სტანისლავ მარკელოვისა და ანასტასია ბაბუროვას მკვლელობები და დამნაშავეები დასაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით;
• შეასრულოს რუსეთის კონსტიტუციასა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დოკუმენტებში მოცემული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც რუსეთმა აიღო საკუთარ თავზე;
• უზრუნველყოს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნა, რაც გათვალისწინებულია გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველების დეკლარაციით.  
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ მოუწოდებს საერთაშორისო სუბიექტებს
• დაგმონ ნატალია ესტემიროვას მკვლელობა და მოუწოდონ რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ჩაატაროს მკვლელობის საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება;
• მოუწოდონ რუსეთის ხელისუფლებას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დამცველების უსაფრთხოება რუსეთის ფედერაციაში.

მიმართვას ხელს აწერენ ქსელის წევრი ორგანიზაციები:

აზერბაიჯანი
„რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი“
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“  
„სტუდენტთა საერთაშორისო თანამშრომლობა“
„საზოგადოებრივი ასოციაცია თავისუფალი ეკონომიკის ხელშეწყობისათვის“
„ალიევას სახელობის ქალთა უფლებების დაცვის ასოციაცია“
„დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა რესურს ცენტრის საზოგადოებრივი გაერთიანება (სუნგაითი)“
„იურიდიული განათლების საზოგადოება“
„ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოება“
„მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი“
„მედია უფლებების ინსტიტუტი“
„არჩევნების მონიტორინგისა და განათლების ცენტრი“

საქართველო
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRIDC)
„კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“
„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ (AVNG)
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“
„მრავალეროვანი საქართველო“
„ინკლუზივი“
„საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“
სტუდია „რეპორტიორი“
„კონფლიქტისა და ადამიანის უფლებების კავკასიური ცენტრი“

სომხეთი
„სომხეთის ჰელსინკის ასოციაცია“
„ჰელსინკის ასამბლეა“, ვანადზორი
„სოციოსკოპი“
„დემოკრატია დღეს“
„სომხეთის ჰელსინკის ასამბლეა“, ერევანი
„იურისტები წამების წინააღმდეგ“
„საჯარო ინფორმაცია და ცოდნის საჭიროება“ (PINK)
„სომხეთის ქალთა რესურს ცენტრი“
„ვერნატუნი - პოლიტპატიმრების ცოლები“
„ასპარეზი“, ჟურნალისტთა კლუბი, გიუმრის რეგიონი
ნახეთ სრული ტექსტი PDF-ში



Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved