უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
განცხადება ციხეში ნოვრუზალი მამადოვის სიკვდილის ფაქტის თაობაზე
[11.09.2009]
2009 წლის 11 სექტემბერი

,,უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური" ქსელი მწუხარებას გამოხატავს ნოვრუზალი მამადოვის პატიმრობის დროს გარდაცვალების გამო. იგი გაზეთ ,,თალოში სადოს” მთავარი რედაქტორი და თალიშური კულტურის ცენტრის ხელმძვანელი იყო.
,,უფლებამდაცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი” უერთდება ,,ფონდ ადამიანის უფლებათა სახლის” საგანგებო მიმართვას აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი ნოვრუზალი მამადოვის სიკვდილის სრულყოფილი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიების მოთხოვნის თაობაზე.

ქვემოთ იხილეთ ,,ფონდ ადამიანის უფლებათა სახლის” 2009 წლის 2 სექტემბრით დათარიღებული მიმართვა:

ნოვრუზალი მამადოვი გარდაიცვალა 2009 წლის 17 აგვისტოს 68 წლის ასაკში. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, უფლებადამცველ ელჩინ ბეჰბუდოვს ციხის თანამშრომლებმა აცნობეს, რომ მამადოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა 17 აგვისტოს მოულოდნელად გაუარესდა. მამადოვის ადვოკატის თქმით, პატიმარი არ უზრუნველყვეს სათანადო სამედიცინო მკურნალობით, რაც აზერბაიჯანის საერთაშორისო ვალდებულებაა.

2008 წლის 24 ივნისს, დახურული სასამრთლო განხილვის შედეგად, აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლის თანახმად, ნოვრუზალი მამადოვი დამნაშავედ სცნეს სახელმწიფოს ღალატში. კერძოდ კი, „თალიშური ნაციონალური იდეების გავრცელებასა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს საფუძვლის განადგურების მცდელობაში“. მას ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი მამადოვის მხარემ გაასაჩივრა, მაგრამ 2008 წლის 26 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მამადოვის ადვოკატის, ნათესავებისა და მედიის წარმომადგენლების დაუსწრებლად გამოიტანა. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების აზრით, მამადოვის მიმართ არსებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რადგან სასამართლო განხილვები საზოგადოებისათვის დახურული იყო და მამადოვის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები საჯაროდ არ განხილულა.

როგორც ცნობილია, ნოვრუზალი მამადოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუარესება 2009 წლის იანვრიდან დაიწყო, როცა ის მე-15 საპყრობილის იზოლატორში მოათავსეს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა მამადოვის მოთხოვნა საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე, სასამართლო გადაწყვეტილება მხოლოდ 5 თვის შემდეგ აღსრულდა. 2009 წლის 28 ივლისს მამადოვი იუსტიციის სამინისტროს პენიტენციალური სისტემის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენლის თხოვნა უცხოელი ექიმების მიერ მამადოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების თაობაზე.

აღნიშნული საკითხი ,,ფონდ ადამიანის უფლებათა სახლისა" და ,,უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის” წევრი აზერბაიჯანული ორგანიზაციების ერთობლივ ალტერნატიულ ანგარიშში შევიდა, რომელიც მომზადდა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის, როცა კომიტეტი აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშირისო პაქტის” მოთხოვნების შესრულებას განიხილავდა. ალტერნატიული ანგარიში წარდგენილ იქნა 2009 წლის ივლისში.

,,ფონდი ადამიანის უფლებათა სახლი” გმობს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ გულგრილობა გამოიჩინა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მოწოდებებისადმი და მამადოვი პატიმრობიდან არ გაათავისუფლა. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვებისა დაუყოვნებლივ გადაეყვანათ მამადოვი საავადმყოფოში, ის ციხეში რჩებოდა მაშინ, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა.

ეს არ არის აზერბაიჯანის ციხეში პატიმრის გარდაცვალების პირველი ფაქტი: პოლიტიკური აქტივისტი ფაინა კუნგუროვა გულის შეტევით 2007 წლის ნოემბერში იუსტიციის სამინისტროს პენიტენციალური სისტემის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

,,უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი”  უერთდება ,,ფონდ ადამიანის უფლებათა სახლის" მიმართვას და მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას

• პატივი სცეს სიცოცხლის უფლებას, ასევე არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან დაცვის უფლებას და უზრუნველყოს ამ უფლებათა დაცვა, როგორც ეს დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომლის ხელშემკვრელი მხარეა აზერბაიჯანი.
• ევროპული კონვენციის თანახმად, რომელიც მსგავს სიტუაციებში მტკიცების ტვირთს სახელმწიფოს აკისრებს, წარმოადგინოს დამაჯერებელი მიზეზი ზემოაღნიშნულ უფლებათა არდაცვისა, რამაც გამოიწვია მამადოვის სიკვდილი. 
• უზრუნველყოს, რომ ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მიზნით მოინახულონ ის საავადმყოფო და ციხე, სადაც მამადოვი იმყოფებოდა.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved