უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
განცხადება აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაციებზე მზარდი კონტროლის შესახებ
[07.11.2009]
2009 წლის 6 ნოემბერი

,, ფონდი ადამიანის უფლებათა სახლი”, ,,ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი”, ,,რაფტოს ფონდი”, ,,უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი” და ვილნიუსში დევნილობაში მყოფი ,,ბელორუსიის ადამიანის უფლებათა სახლი” შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების შემდეგ აზერბაიჯანში  შეინიშნება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მზარდი სამთავრობო კონტროლის დამყარების ტენდენცია. შეცვლილი კანონი საშუალებას  აძლევს ხელისუფლებას შეაგროვოს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზემოაღნიშნული ან სხვა კანონებით დადგენილი კონკრეტული მიზნის დასახელების  გარეშე.

მზარდი სამთავრობო კონტროლის ბოლო გამოხატულება იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინსტიტუტი რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოებისათვის“ (IRFS) ოფისის შემოწმება. 2009 წლის 29 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციისა და სანოტარო განყოფილების წარმომადგენლებმა IRFS-ის ოფისში დღის პირველის ნახევარზე დარეკეს და თანამშრომლებს განუცხადეს, რომ მათი ოფისის შემოწმებას აპირებდნენ იმავე დღის სამ საათზე. მიუხედავად იმისა, რომ IRFS-ის თანამშრომლებმა სამინისტროს თანამშრომლებს აცნობეს, რომ მათი ხელმძღვანელი, ემინ ჰუსეინოვი რუმინეთში შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმზე იმყოფებოდა და მათ კითხვებს პასუხს აზერბაიჯანში დაბრუნებამდე ანუ 1 ნოემბრამდე ვერ გასცემდა, იუსტიციის სამინისტრომ მაინც შეამოწმა IRFS-ის ოფისი.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა IRFS-ის ოფისში ერთ საათს დაჰყვეს და თანამშრომლებს მათი ორგანიზაციის დამფინანსებლების, წევრების, გრანტებისა და ორგანიზაციის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის შესახებ დაუსვეს კითხვები. IRFS-ის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა მათ წარუდგინეს რეგისტრაციისა და სანოტარო განყოფილების ხელმძღვანელის მეჰმან სალტანოვის მიერ ხელმოწერილი წერილი; წერილის მიხედვით, შემოწმების მიზანი იყო „დაედგინათ IRFS-ის საქმიანობა შეესაბამებოდა თუ არა ქვეყნის კანონმდებლობას და ორგანიზაციის წესდებას“. წერილი ემინ ჰუსეინოვის სახელზე იყო დაწერილი.

ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის არასამთავრობო ორგანიზაციების კანონის შესახებ არსებული ექსპერტთა საბჭომ 2009 წლის იანვარში გამოსულ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „იურიდიული დოკუმენტების საფუძველზე ძნელი იქნებოდა იმის დადგენა რამდენად შეესაბამება ორგანიზაციის მიზნები ქვეყნის კონსტიტუციას და სხვა კანონებს; შესაბამისად არ არსებობდა იმის გარანტია, რომ დოკუმენტების შესწავლა ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი გახდებოდა.“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ამ საკითხისთვის ნათელი არ მოუფენია. 

ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელორუსია და რუსეთის ფედერაცია შეინიშნება, რომ ხშირად საგადასახადო ინსპექცია და სხვა ადმინისტრაციული ორგანოები არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლის ადმინისტრაციულ ინსტრუმენტად გამოიყენება. 2009 წლის 29 ოქტომბერს IRFS-ის ოფისში ჩატარებული შემოწმების მსგავსი ღონისძიებები ზედმეტ ტვირთად აწვება არასამთავრობო ორგანიზაციებს და შესაძლოა ხელი შეუშალოს მათ ეფექტურ საქმიანობას.

ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას პატივი სცეს აზერბაიჯანის კონსტიტუციას, კერძოდ კი, 58.2 მუხლს რომელიც უზრუნველყოფს „ყველა კავშირის შეუზღუდავ საქმიანობას“; ასევე მოვიწუდებს ხელისუფლებას პატივი სცეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 მუხლებს (შეკრების თავისუფლება), როგორც ამ კონვენციის ხელშემკვრელმა მხარემ.

მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას შეასრულოს “გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების და მედიის თავისუფლების დაცვის” ვალდებულება, რომელიც ქვეყანამ საკუთარ თავზე 2007-2010 წწ.-ის ევროპული სამეზობლო და პარტნიორული ინსტრუმენტის ეროვნული მაჩვენებელი პროგრამის ფარგლებში აიღო, ასევე შეასრულოს გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველების დეკლარაციის მოთხოვნები. ჩვენ შევახსენებთ მთავრობას, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის შესრულების შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფოს ანგარიშის პასუხად გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მომზადებულ ,,დასკვნით დაკვირვებებში”, კომიტეტი მოუწოდებს ,,ხელისუფლებას მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა ბოლო მოეღოს გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ და ირიბ შეზღუდვას.“

პატივისცემით,

• ფონდი ადამიანის  უფლებათა სახლი
• ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი
• რაფტოს ფონდი
• უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი, რომელიც აერთიანებს 30 უფლებადაცვით ორგანიზაციას სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან
• ბელორუსიის დევნილობაში მყოფი ადამიანის უფლებათა სახლი

მიმართვის ასლები გაეგზავნათ:

• გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ადამიანის უფლებათა დამცველების საკითხზე;
• გაეროს სპეციალურ მოხსენებელს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და ხელშეწყობის საკითხებზე;
• ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს;
• ევროსაბჭოს პრესის განყოფილებას;
• აზერბაიჯანში ევროკომისიის დელეგაციას;
• ვარშავაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს;
• სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნებს;
• ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს;
• ნორვეგიის პარლამენტის საგარეო საქმეთა მუდმივმოქმედ კომიტეტს;
• ნორვეგიის საელჩოს ბაქოში;
• ადამინის უფლებათა სახლის ქსელს.

 

 


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved