უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი


ძებნა საიტზე
წინ
საქართველო: ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს ცხინვალში თემურ ცხოვრებოვის ცემის ფაქტს
[02.08.2010]
სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 24 ივლისს ცნობილ ოს აქტივივისტს და გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორს, თემურ ცხოვრებოვს, თავს რამდენიმე პირი დაესხა. თავდამსხმელებმა ცხოვრებოვს ფიზიკური შეურაცხყოფა და სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებები მიაყენეს.

თავდასხმა ცხინვალში, ხარებოვის ქუჩაზე, მოხდა და დაზარალებულების ახლობელთა გადმოცემით, მასში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრები, კაზმირ პლიევი, დიმიტრი ვანეევი და ალან ხასიევი მონაწილეობდნენ.

ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენში, არასამთავრობო ორგანიზაცია “IKV Pax Chridti”-ს ორგანიზებით ჩატარებულ ქართულ-ოსურ ფორუმზე, თემურ ცხოვრებოვის მხრიდან გაკეთებული განცხადება გახდა, რომელშიც ეს უკანასკნელი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გახსნისაკენ მოუწოდებდა. თემურ ცხოვრებოვის მეგობარი და კოლეგა, ბესარიონ ასეევი ცემის ფაქტს სწორედ აღნიშნულ აქტივობას უკავშირებს. იგი ასევე აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი, კაზიმირ პლიევი მის კოლეგას ორი დღის განმავლობაში ურეკავდა და მოკვლით ემუქრებოდა.

ასევე მოღალატედ გამოაცხადა ცხოვრებოვი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მაღალჩინოსანმა, ბორის ჩოჩიევმა.
 
ქართულ-ოსური ფორუმი ქალაქ ლეიდენში 2010 წლის 11-16 ივლისს გაიმართა. მონაწილეებმა ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების მისამართით საერთო განცხადება მიიღეს, სადაც მათ სტატუსის განსაზღვრისა და სხვა პოლიტიკური წინაპირობების გარეშე, მოსახლეობის წინაშე მდგარი ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისაკენ მოუწოდეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისა და ჟურნალისტის, თემურ ცხოვრებოვის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტს და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარებისაკენ მოუწოდებს.


Copyright © 2009 - 2024 | All Rights Reserved